14 იანვარს ბათუმში გამართულ ენერგეტიკული კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ლიტვისა და საქართველოს დელეგაციები , ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განხილული იქნება ევროაზიური ნავთობსატრანზიტო დერეფნის პროექტის შემდგომი განვითარების, მათ შორის კასპიის რეგიონიდან ნავთობისა და გაზის აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებში მიწოდების საკითხები.
სამუშაო ჯგუფების შეხვედრა 11-12 იანვარს თბილისში, “ქორთიარდ მერიოტში” შედგება. შეხვედრის მიზანია, დოკუმენტების შემუშავება, რომელთა ხელმოწერა 14 იანვარს ბათუმის კონფერენციაზე იგეგმება.
ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი: “ბოლო წლებში რეგიონში განხორციელებულმა ახალმა საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებმა დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის სტატუსი და ხაზი გაუსვა რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე ევროკავშირის მხრიდანაც გაიზარდა რეგიონის მიმართ დაინტერესება. ამის დადასტურებაა, სამხრეთ კორიდორის ინიციატივის მხარდაჭერა, ამ თემას გასული წლის განმავლობაში არა-ერთი მაღალი დონის ენერგეტიკული სამიტი მიეძღვნა”